დიმიტრი ხუნდაძე: სოციალურად დაუცველებს გადამოწმების დროს თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველებს გადამოწმების დროს თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ.
მისი თქმით, სოციალური დახმარების პროგრამა პერიოდულად ცვლილებებს საჭიროებს.
„როგორც იცით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომლითაც სარგებლობს 430.000 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.
მიზნობრივი სოცდახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს.
დღეის მდგომარეობით გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება.
მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური სრულად უნაზღაურდებათ, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი ბედის ანაბარა რჩებიან სიღარიბის პირისპირ.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა.
შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა.
ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ ლარი.
ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა.
ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.
ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია შესაბამის უწყებასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გადაწყვეტილება მიღებულია, ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილიდან”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.