ლონდონში ლიზა ბათიაშვილის, ნიკოლოზ ნამორაძისა და მარიამ ბაწაშვილის კონცერტები ზედიზედ გაიმართება

ლონდონის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში არაერთხელ დაუკრავთ ქართველ მუსიკოსებს. წლევანდელი თებერვალი კი ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. ხატია ბუნიათიშვილის ტრიუმფალური კონცერტის შემდეგ, რომელიც „როიალ ფესტივალ ჰოლში“ 4 თებერვალს გაიმართა, ლონდონის მსმენელის წინაშე ახლა მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, პიანისტები ნიკოლოზ ნამორაძე და მარიამ ბაწაშვილი წარდგებიან, – ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაციას ჟურნალისტი გიორგი ლალიაშვილი ატყობინებს ლონდონიდან.

ლიზა ბათიაშვილი „ბარბიკან ჰოლში“ ხვალ, 13 თებერვალს გამოვა. იგი ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ალან ბერგის სავიოლონო კონცერტს დაუკრავს, რომელსაც სერ საიმონ რეტლი (Sir Simon Rattle) უდირიჟორებს.
16 თებერვალს „ვიგმორ ჰოლში“, ჰონენსის (კალგარი, კანადა) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის 2018 წლის გამარჯვებულის, პიანისტისა და კომპოზიტორის ნიკოლოზ ნამორაძის დებიუტი შედგება. იგი სკრიაბინის, ბახის, იორკ ბოუენის საფორტეპიანო ნაწარმოებებს, ასევე საკუთარ ეტიუდებს (I-VI) შეასრულებს.
27 თებერვალს კი „კადოგან ჰოლში“ მარიამ ბაწაშვილი სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი ალექსანდერ შელი) ლისტის მეორე საფორტეპიანო კონცერტს დაუკრავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები