ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს – ბრალდებულს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება(ვიდეო)
ქვემო ქართლის პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ო. ც.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნივთმტკიცების სახით ამოიღო,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.