„სასწაულის ძიებაში” – ქართველი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება
14 თებერვალს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და Window Project-ი ქართველი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას – „In Search of The Miraculouse“ („სასწაულის ძიებაში“) უმასპინძლებენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენის სათაური ეკუთვნის ხელოვან ლევან მინდიაშვილის ნამუშევარს. მხატვარმა ნამუშევრების სერია „სასწაულის ძიება“ ჰოლანდიელ კონცეპტუალისტ ხელოვანს – ბას იან ადერს მიუძღვნა, რომელმაც საკუთარი პერფორმანსით „სასწაულის ძიებაში“ ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა სცადა და გაუჩინარდა.
„ამ პერფორმანსის შედეგად წაიშალა ზღვარი ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის, ისეთი მოცემულობის დემონსტრირება მოხდა, როგორიცაა ძიების, როგორც პროცესის უსასრულობა, და რომ თვით ძიების პროცესი ხდება სასწაული, რისკენაც ყოველი ჩვენგანი ცნობიერი ცხოვრების დაწყებისთანავე ვისწრაფვით.
ექსპოზიციის კონცეფცია აერთიანებს 11 ქართველ ხელოვანს – უტა ბექაიას, ლევან ჭელიძეს, ლევან მინდიაშვილს, დარო სულაკაურს, გიორგი ჩხეიძეს, ტატო ახალკაციშვილს, ნათელა გრიგალაშვილს, ირინა თევზაძეს, ლევან სონღულაშვილს, მამუკა ცეცხლაძეს, რუსუდან ხიზანიშვილს. მხატვრებს აქ საკუთარი სასწაულის ძიების გზა აერთიანებთ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მისამართი: რუსთაველის გამზ. N27, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.