გიორგი ვოლსკი: ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია და ასეთი დანაშაულისთვის საკმაოდ ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები

ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია და ასეთი დანაშაულისთვის საკმაოდ ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით კომპრომისი ვერ ექნებოდა.

“დასავლეთში და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, რომ ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია, იმდენად დიდი, რომ ის გათანაბრებულია ყველაზე მძიმე დანაშაულთან და ასეთი დანაშაულისთვის საკმაოდ ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. რასაკვირველია, პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით, ვერ ექნებოდა კომპრომისი ვერანაირად, რომელი პროკურატურაც არ უნდა ყოფილიყო. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკის თქმით, გიგი უგულავას საქმე 2013 წლიდან არ შეჩერებულა. ანალოგიური ბრალდებით, თუმცა გაცილებით ნაკლებ თანხებთან დაკავშირებით, დაკავებული არიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები.

„მე, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არ შეჩერებულა 2013 წლიდან მოყოლებული და ამასთან დაკავშირებით, პროკურატურა სხვას ვერაფერს გააკეთებდა. გამომდინარე იქედან, რომ გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ კონკრეტული ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე თუ მოადგილეები დაკავებულები არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო და შესაბამისად, პროკურატურა კომპრომისს ვერ დაუშვებდა იმის გამო, რომ იქ პოლიტიკური თემაც რასაკვირველია არსებობს. დაძაბულობის თავიდან აცილება იმ მეთოდით, რომ თვალი დაეხუჭა საგამოძიებო სტრუქტურას 50 მილიონის გაფლანგვაზე, ესეც არ დარჩებოდა უყურადღებოდ და დამიჯერეთ, სწორედაც ეს იქნებოდა საზოგადოებაში ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანი. განსაკუთრებით, სწორედ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებში და ახლობლებში, რომლებიც დაკავებული არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვისთვის. ასე რომ, აქ საერთაშორისო გამოცდილებაც აშკარად მიგვითითებს, რომ კომპრომისი ამ თემაზე პოლიტიკური გარემოებების გამო არ შეიძლება იქნეს დაშვებული”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები