მამუკა მდინარაძე: ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, სტრატეგიულ პარტნიორებს, ყველას, მთელი პასუხისმგებლობით ვეტყვი, რომ სასამართლო “ქართული ოცნების” ხელში პოლიტიკური იარაღი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით კონგრესმენ, ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, საქართველოში, სასამართლო პოლიტიკური იარაღი არ არის.

“დავეთანხმები, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ეს ხდებოდა 2012 წლამდე. ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, სტრატეგიულ პარტნიორებს, ეს იქნება საქართველოში თუ საზღვარგარეთ ყველას ვეტყვი მთელი პასუხისმგებლობით, სასამართლო პოლიტიკური იარაღი “ქართული ოცნების” ხელში არ არის და საქართველოში არ იქნება არასდროს. ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული განცხადებები გაკეთდა და შემდეგ, რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები ვნახეთ, აბსოლუტურად განსხვავებული და პოზიტიური. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პრეცედენტი, როგორც ჩანს ისევ დაფიქსირდა და შეიძლება კიდევ იყოს მსგავსი, მაგრამ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მსგავსი პრეცედენტები რაც შეიძლება შემცირებული იყოს. თუ ვინმეს სადმე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოსთან დაკავშირებით და სასამართლოსთან დაკავშირებით პრეტენზიები სტრასბურგში განიხილება. თუკი ვინმე საქმეში დარღვევას ხედავს და თუკი ვინმე ფიქრობს, რომ გაფლანგვა არ იყო და იყო გადამეტება, როგორც საქართველოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა მიიჩნია, მაშინ ეს სტრასბურგში უნდა გასაჩივრდეს. ამ საქმეში პროცედურული დარღვევა არ არსებობს”,- განმარტა მდინარაძემ.

ცნობისთვის, კონგრესმენი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს დღეს და 38 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა ვადა. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, არასათანადო შეფასება იქნებოდა. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის”, – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.

​შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გუშინ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები