“დამოუკიდებელი დეპუტატები” მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს
“დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მმართველ გუნდს კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, რომელიც 4 ძირითად პუნქტს ეფუძნება.
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კონსენსუსის მისაღწევად ახალი წინადადება აუცილებელია.
“14 ნოემბერს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება ნებისმიერ ფასად – ძალაუფლების დასაბრუნებლად. კამათი ძირითადად მიმდინარეობს მანდატების რაოდენობაზე, რაც „პოლიტიკურ ვაჭრობას“ ემსგავსება და არა ხალხისა და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე. აღნიშნული ვითარება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დემოკრატიის განმტკიცების პერსპექტივებს საქართველოში. პოლიტიკოსები ვალდებულნი ვართ, რომ ვიპოვოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მართებული იქნება ქვეყნისათვის და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია კონსენსუსის მისაღწევად ახალი წინადადებების შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში და ამასთანავე განამტკიცებს ქვეყნის სტაბილურობას.
ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” მმართველ გუნდს კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, რომელიც 4 ძირითად პუნქტს ეფუძნება:
1. 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ;
2. თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის;
3. არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის;
4. ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით”, – განაცხადა კობერიძემ.