აუდიტის სამსახური – ხარაგაულის მოსახლეობის ნაწილს და საბავშვო ბაღებს გაუფილტრავი წყალი მიეწოდებათ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით.

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ერთ დაბასა და 76 სოფელში ცხოვრობს 10 097 ოჯახი, მათ შორის, წყლის სისტემის მეშვეობით წყალი 5 336 ოჯახს მიეწოდება მუდმივად, ხოლო 3 895 ოჯახს – შეფერხებებით. დანარჩენი 866 ოჯახი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაბა ხარაგაულში, სოფლებში: დიდვაკესა და საღანძილეში 1165 ოჯახის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. დაბა ხარაგაულის ნაწილს – 75 ოჯახს, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ემსახურება ა(ა)იპ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, არსებული წყლის სისტემები მოვლა-პატრონობისთვის რომელიმე ორგანიზაციაზე გადაცემული არ არის.

ანგარიშის მხიედვით, მუნიციპალიტეტში (გარდა დაბა ხარაგაულის, ასევე სოფელ დიდვაკის და საღანძილის რამდენიმე ოჯახისა) წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო, მოსახლეობას მიეწოდება გაუფილტრავი წყალი. მერიას სოფლებში, გარდა საბავშვო ბაღებისა, ჩატარებული არ აქვს წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ წყალს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეუსაბამობები გამოვლინდა დაბა ხარაგაულის №1 და №2 და სოფელ ხევის საბავშვო ბაღებში.

დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტში ჩატარდა სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგი. შედეგების მიხედვით, 2017 წელს აღებული ხუთი სინჯიდან, დარღვევა გამოვლინდა სამ სოფელში, 2018 წელს – ორ სოფელში, 2019 წელს – სამ სოფელში, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოვლინდა ისეთი მიკრობიოლოგიური ორგანიზმები, რომელთა სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია.

„მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით. პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

სააგენტოს რეკომენდაციით, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს სტრატეგია, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის რადიკალურ გაუმჯობესებას.

“ასევე, მერიამ დაუყოვნებლივ მოაწესრიგოს წყლის არსებული სისტემები. მერიამ უნდა განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა სრულად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით 52 დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამართულ წყალმომარაგებას სასმელად ვარგისი წყლით,”- აღნიშნულია აუდიტის დაკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები