შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე, სამთო მომზადების ზამთრის შუალედური სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ჭაბაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, მალხაზ გოლეთიანმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამთო მომზადების ზამთრის შუალედური ოთხკვირიანი სასწავლო კურსი ახალქალაქსა და დაბა ბაკურიანში  გაიარეს.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

სასწავლო კურსს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
ტრენინგის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეისწავლეს მაღალ მთაში სროლა,  ადგილმდებარეობის მიხედვით ორიენტირება, დაშავებულისთვის  პირველადი დახმარების აღმოჩენა და საევაკუაციო საშუალებების გამოყენება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები, თოვლში თავშესაფრის მოწყობა, განსაკუთრებულად ცივ პირობებში მოქმედება, გაუკვალავ თოვლში ტექნიკური სრიალი.

სასწავლო კურსის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები