ილია მეორე საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

ა.წ. 3 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

“მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

,,პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“ – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ აშშ-ში და ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ელჩს ასევე მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ინტერრელიგიურ საბჭოში ქ-ნმა თეა გოგოტიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი 21-ე საუკუნე”-ს გამგეობის თავმჯდომარემ ბ-ნმა პაატა გაჩეჩილაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქ-ნ კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები