ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან, მაქსიმ ლონგანგთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან შეხვედრა გამართა.
ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 21-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – “კონფლიქტი საქართველოში” მომზადება.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვაზე, რაც იწვევს თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას და ამწვავებს ჰუმანიტარულ კრიზისს ადგილზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება და ამ თემის პოლიტიკური შედეგის მისაღებად გამოყენება.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე.
ევროპის საბჭოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ მუდმივად ეცნობიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და გაგრძელდება კონსოლიდირებული ანგარიში მომზადების პრაქტიკა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომას. ამასთანავე, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მაღალ დონეზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას.