დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, კელი დეგნანი კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას

“მივესალმები აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის ჩამობრძანებას საქართველოში, ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და მნიშვნელოვანია, რომ ის არის უაღრესად გამოცდილი დიპლომატი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.

“ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი შეხვედრა. საუბარი შეეხო ამერიკა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას, ამერიკა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ამ ტერიტორიებთან მიმართებით და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აშშ-ს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ, რადგანაც დღემდე არსებული მიღწევები, ის ინიციატივები კონგრესის მხრიდან, ადმინისტრაციის მყარი მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო – აშშ-ს თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, იძლევა იმის საფუძველს რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები