აშშ-ის ელჩი: ვიმუშავებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია
ვიმუშავებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებსა და მცდელობას, ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა კელი დეგნენმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და ვიწყებ მუშაობას მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ძალიან დატვირთული დღის წესრიგით.
ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ასევე, ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა და ვაპირებ, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით კიდევ მეტად გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები“, – აღნიშნა კელი დეგნანმა, რომლის განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
დღესვე აშშ-ის ელჩმა დავით ზალკალიანსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები წარუდგინა.