ამირან გამყრელიძე: საქართველოში დღეს პანიკის საბაბი არ გვაქვს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ

ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს და თუ როდისმე ყოფილა ქვეყანა მზად, დღეს ყველაზე უფრო მზად არის. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “POSTV”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის თემებით სპეკულირება არ შეიძლება და თუ ინფორმაციას არ აქვს მეცნიერული საფუძველი, იგი მოსახლეობას არ უნდა მიეწოდოს.

“პირდაპირ გეტყვით, რომ ქვეყანაში კორონა ვირუსისთვის მზადყოფნა საკმაოდ მაღალია. ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს და თუ როდისმე ყოფილა ქვეყანა მზად, დღეს ყველაზე უფრო მზად არის. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმადე დავიყვანოთ. გვაქვს კვალიფიცირებული ექიმების მზადყოფნა, სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნა, პერსონალური დაცვის საშუალებების მარაგია, რითიც დაავადებულთან მუშაობა ხდება, რაც ადამიანს ვირუსისგან იცავს. მობილიზება ყველა რეგიონალურ ცენტრშია. ჩვენ მივყვებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. თბილისში მასობრივი თერმული სკრინინგის აპარატი უკვე დავაყენეთ, დავამუშავეთ პროტოკოლი და დავუგზავნეთ ყველა საბაჟოს – თუ საზღვარზე შემოსულ ადამიანს დაუფიქსირდა ტემპერატურა, იქვეა მოწყობილია პუნქტი, აეროპორტშია ეპიდემიოლოგი და სკრინიცისტი ექიმი. ისინი ავსებენ მგზავრის შესახებ ინფორმაციას, რომ 2 კვირის განმავლობაში ამ ადამიანზე იყოს დაკვირვება. ინფექციურ საავადმყოფოში არის ე.წ ბოქსირებული განყოფილებები, სადაც შეიძლება ადამიანის იზოლირება და მკურნალობა, აქვეა ამ რესპირატორულ ინფექციებთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ცოდნა და გამოცდილი ექიმები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, კორონა ვირუსს ბავშვები და ახალგაზრდები უფრო ადვილად ძლევენ.

“ეს კორონა ვირუსი ახალია და მისი იდენტიფიცირების საშუალება მსოფლიოში სულ რამდენიმე ლაბორატორიას აქვს. ჩვენ ამჟამად ადამიანი ხუთ კორონა ვირუსზე შეგვიძლია დავტესტოთ. ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ გერმანელებთან და ჩინელებთან, რომ გვქონდეს ჩვენ ის პრაიმერი, რომ ბოლომდე, თბილისში, ლუგარში დავსვათ ლაბორატორიული დიაგნოზი. ამ კვირის ბოლოსთვის წესით ესეც გვექნება იმიტომ, რომ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ამისათვის. ჩემი ისტორიული და ინსტიტუციური მეხსიერებიდან ქვეყანა დღეს ყველაზე მომზადებულია ამ ტიპის გადაუდებელი სიტუაციისთვის“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები