“საქმე გვაქვს მანიპულაციურ და ბოროტ ძალასთან, რომელიც ყველაფერზე მიდის, რათა დაამახინჯოს უახლეს ისტორიაზე და რეალობაზე წარმოდგენები” – ნუკრი შოშიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე” – POSTV
“ნაციონალური მოძრაობის” მთავარი პოლიტიკაა, დაავიწყონ ხალხს ის რეპრესიები, რომლის ავტორებიც თვითონ იყვნენ, ამ დროს კი გაუთავებლად საუბრობენ სტალინურ რეპრესიებზე და 70 წლის წინანდელ მოვლენებს ასე მგზნებარედ ებრძვიან, ხოლო სულ ახლახან მომხდარ მოვლენებზე გვეუბნებიან ,”რაღა დროს 9 წელზე ლაპარაკიაო,” – ამბობს ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში “ისტორიული რაკურსი”.
მისი თქმით, საქმე გვაქვს საკმაოდ მანიპულაციურ და ბოროტ ძალასთან, რომელიც ყველაფერზე მიდის რათა დაამახინჯოს უახლესი ისტორიაზე და რეალობაზე წარმოდგენები, რათა საკუთარი დანაშაულებები დაგვავიწყოს, ხოლო ამ პროცესებს მისცენ ისეთი მცდარი შეფასებები, რომ ამ მცდარმა შეფასებებმა კვლავ მისცენ საშუალება დააბრუნონ ხელისუფლებაში. მაგრამ ტყუილზე დაშენებული ყველაფერი ინგრევა, ეს პოლიტიკური დისკურსიც არ იქნება გამონაკლისი.
“ნაციონალური მოძრაობის” ორმაგ სტანდარტზე საუბრისას ისტორიკოსს მაგალითად საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი მოჰყავს, რომელზეც გამოძიება დაწყებულია ძალადობის ფაქტზე, მაგრამ ხაბეიშვილის მოთხოვნაა გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყოს.
ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნას აშკარა პოლიტიკური მიზნები გააჩნია – “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპონენტების წინააღმდეგ შევიწროვებაში დაადანაშაულონ. რამდენად შეიძლება ეს მოვლენა შევაფასოთ პოლიტიკურ რეპრესიებად? – სვამს კითხვას ნუკრი შოშიაშვილი, რომლის თქმით, “საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს ისტორიას არაერთი ჩხუბი ახსოვს და ეს ჩხუბები არასდროს არ შეფასებულა როგორც პოლიტიკური დევნა”.
„გავიხსენოთ აკაკი ბობოხიძის და პეტრე მამრაძის ინციდენტი, ეს მოვლენა მაშინ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შეფასდა არა როგორც ძალადობა დეპუტატზე, არამედ როგორც პროვოკაცია. მაშინდელმა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა ეს მოვლენა შეაფასა, როგორც პეტრე მამრაძის მხრიდან პროვოკაცია. წარმოიდგინეთ იგივე შეფასება რომ ყოფილიყო ქართული ოცნების მხრიდან ხაბეიშვილის მისამართით, რა ამბავი ატყდებოდა? ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორია, რომ ასეთი პოზიცია არ დაიჭირა ქართულმა ოცნებამ, რაც ბევრს დააფიქრებს მომავალში ასეთი მეთოდებით აღარ მოიქცნენ. ის, რომ ასეთი პოზიციები არ დაიჭირა ოცნებამ, მიანიშნებს იმაზე რომ საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ რეპრესიებთან, არამედ კონკრეტულ დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებებთან.
მეორე მხრივ, ეს მოვლენა გვაჩვენებს მთელ ცინიზმს იმ შეფასებებისა და იმ პოლიტიკური დღის წესრიგის მავნებლობაზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აწარმოებს. კონკრეტულად კი იმაში, რომ ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი თავის გამოყვანა უნდა როგორც პოლიტიკურად რეპრესირებულ პარტიის, რომელიც საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისთვის იბრძვის. მაგრამ, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალაა საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების დამამკვიდრებელი, ანტიდემოკრატიული და ანდისავლური ღირებულებების, სწორედ ნაციონალური მოძრაობაა. მინდა გაგახსენოთ პოლიტიკური რეპრესიების ისტორია, როდესაც ვალერი გელაშვილი პირადად სააკაშვილის დავალებით ცემეს მაშინ ეს არა მარტო არ შეფასდა პოლიტიკურ რეპრესიებად, არამედ ვალერი გელაშვილს ჩამოართვეს დეპუტატის მანდატი. როდესაც კობა დავითაშვილი ცემეს და დააინვალიდეს, ამაზე ხმას არ ამოუღიათ და ცდილობდნენ მაქსიმალურად მიეჩქმალათ ეს საკითხი. როდესაც უამრავი ადამიანია პოლიტიკური მიზეზებით შევიწროვებული და დაპატიმრებული იყო, ამაზეც არ ამოუღიათ ხმა” – ამბობს ნუკრი შოშიაშვილი.