ნინო წილოსანი შვედეთის ელჩს და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი შვედეთის ელჩს ულრიკ ტიდესტრომს, შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელს საქართველოში ერიკ ილესს და პროგრამის ხელმძღვანელს ხათუნა ზალდასტანიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო პარლამენტის სამომავლო საქმიანობასა და გეგმებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით, რომელთა განხორციელებაც იგეგმება როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით.

„შვედეთი არის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანა, რომელიც საკუთარი ორგანიზაცია SIDA-ს, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სხვა პროექტების მეშვეობით, საქართველოში ახორციელებს თანხების დაბანდებას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, როგორც საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის მიმართულებით, ასევე საზოგადოების, სამოქალაქო და მუნიციპალური ჩართულობის კუთხით. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რომლის დამოკიდებულებაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ განსაკუთრებულია. შეხვედრაზეც, ბუნებრივია, საუბარი გარემოს დაცვის მიმართულებით კომიტეტის სამოქმედო გეგმებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. მათ გაგვაცნეს ის პრიორიტეტები, რომელი მიმართულებითაც აპირებენ ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

ნინო წილოსანმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა კომიტეტის სამოქმედო გეგმებსა და იმ კანონპროექტებზე, რომელთა შემუშავებას და განხილვას კომიტეტი საგაზაფხულო სესიაზე შესაბამის აღმასრულებელ სტრუქტურებთან ერთად გეგმავს. საკითხი ეხება ტყის კოდექსს, ნარჩენების მართვას, წყლის შესახებ კანონპროექტს, ბიომრავალფეროვნებასა და სხვა თემებს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შვედეთის მხარემ კვლავაც დაადასტურა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და გვიცხადებს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები