უნიკალური პროექტი – დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი გაკეთდება
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშში 2020 წლის ზაფხულში უნიკალური ინფრასტრუქტურის გახსნა იგეგმება. დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ასევე, გაკეთდება კანიონამდე ჩასასვლელი ბილიკი, რათა ვიზიტორებმა უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ.
პროექტს ებრაული კომპანა KASS LAND ახორციელებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ხანოხ კასი აცხადებს, დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 50-60 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
“ვგეგმავთ უნიკალურ პროექტს. ეს იქნება შუშის ხიდი, რომელშიც მოთავსებული იქნება ბარი. ამასთან, იქნება ზიპლაინი, რესტორანი, სასტუმრო. მოეწყობა სივრცე მუსიკალური ფესტივალისთვის, სადაც 100 ათასამდე ადამიანის დასწრება იქნება შესაძლებელი. პროექტით დაინტერესებულია მსოფლიო მედია, მათ შორის CNN,“-განაცხადა ხანოხ კასმა.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას მშენებლობის პროექტის მენეჯერმა ავთანდილ ხომერიკმა განაცხადა, ობიექტების გახსნა ეტაპობრივად დაიწყება. ივლისის თვეში გაიხსნება კვების ობიექტი, შუშის ხიდი და ვიზიტორთა ცენტრი.
“ამ ეტაპზე ვიზიტორთა ცენტრის გადახურვას ვაწარმოებთ, რესტორნის ბეტონის სამუშაოებს ვამთავრებთ და ვიწყებთ პარკინგის სამუშაოებს. ფაქტობრივად, ძირითადი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პარალელურად მიმდინარეობს კოტეჯების დაპროექტება. მთლიანად პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია. ეს ყველაფერი დასრულებულ სახეს ივლისის ბოლოს მიიღებს”,– აცხადებს ავთანდილ ხომერიკი.
წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ფეოხარი პარასკევოვის თქმით, კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და დაშბაშის ტერიტორია კომპანია KASS LAND-მა 45 წლის ვადით, იჯარით აიღო.
“კომპანიამ მიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მიიღეს 45 წლის ვადით იჯარით ეს ტერიტორიები, 45 წლის შემდეგ კი გადმოვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. მას შემდეგ რაც შევნიშნეთ, რომ სოფელი „დაშბაში „ ტურისტების ყურადღებას იქცევდა, დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწყობა. სოფელში გავაკეთეთ გარე განათება, დავდგით მაგიდები,სველი წერტილები, მოვაწყეთ სტადიონი ბავშვებისათვის, ეს ყველაფერი იმისთვის რომ აქ ჩამოსულ სტუმრებს თავი მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ. პროექტის დასრულების შემდეგ, შაბათ-კვირას ათასზე მეტ ვიზიტორს ველოდებით”,- განაცხადა ფეოხარი პარასკევოვმა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური შუშის ხიდი საქართველოში პირველად მოეწყობა , კანიონის მონახულება ვიზიტორებს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება სპეციალური განათების სისტემა, რაც უფრო მეტ სილამაზეს შესძენს ინფრასტრუქტურას. კომპანია “კასსლენდი“ სამშენებლო სამუშაოებს საბოლოოდ 2023 წელს დაასრულებს.