ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 558.65 მლნ ლარით გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 558.65 მლნ ლარით (1.78%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.41%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 31.92 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.74 მლნ ლარით (2.30%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 238.91 მლნ ლარით (1.37%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 4.30%-ით).
მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.62 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.48 პროცენტული პუნქტით).