ვინ არის 24 წლის პედაგოგი წალკიდან, რომელმაც სოფელ გუმბათის ბავშვებისთვის სასწავლო ცენტრი გახსნა (ვიდეო)
მაღალმთიანი აჭარიდან ქვემო ქართლში გადასახლებული ძირკვაძეების ოჯახი წლებია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში ცხოვრობს და ადგილობრივების განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნავს. 24 წლის ირა ძირკვაძეც მშობლების კვალს გაყვა და პროფესიად პედაგოგობა აირჩია. დედაქალაქში მიღებული უმაღლესი განათლებით სოფელში დაბრუნებულს საჯარო სკოლაში მასწავლებლობა შესთავაზეს. როგორც “რეგიონულ კვირას” უყვება, დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, თავდაპირველად თავს იკავებდა, თუმცა საბოლოოდ საკუთარი მიზნების მიღწევა პრიორიტეტულად აქცია და ცოტა ხნის წინ სასწავლო ცენტრიც გახსნა.
„თავდაპირველად როდესაც სოფელში დავბრუნდი სკოლის დირექტორმა შემომთავაზა მასწავლებლად დამეწყო მუშაობა, რადგან მეორად პროფესიად ფილოლოგია დავამთავრე. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მინდოდა პედაგოგობა, უბრალოდ, ხმამაღლა ვერ ვამბობდ, რადგან აქ იციან ლაპარაკი – იმიტომ დაიწყო სოფელში მასწავლებლად მუშაობა, რომ სხვაგან ვერაფერი იშოვაო. ამიტომ ჩემი ინტერესების ხმამაღლა გაჟღერება ცოტა არ იყოს მერიდებოდა. ჩემი მშობლებიც მასწავლებლები არიან, ამის გამო სხვა სოფლებიდან ხშირად მოდიოდნენ ბავშვები ჩვენთან, მეც არაერთხელ ჩამიტარებია მოხალისეობრივი გაკვეთილი სკოლაში მშობლების ნაცვლად. აქედან გამიჩნდა სურვილი შეგვექმნდა საგანმანათლებლო სივრცე, რომელსაც სასწავლო ცენტრის სტატუსი ექნებოდა. ჩვენ გვყავს ბავშვები პირველი კლასიდან დამამთავრებელი კლასის ჩათვლით. ხშირად მასწავლებლებსაც ვამზადებთ გამოცდების ჩასაბარებლად”, – ამბობს ირა ძირკვაძე.
გუმბათის სასწავლო ცენტრი ფასიანია, თუმცა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, მათ ვისაც საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ, უფასოდ ამზადებენ. ახალგაზრდა პედაგოგის თავდაპირველი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ფინანსური მხარის მიუხედავად, ბავშვებს, რომელთაც განათლების მიღება სურთ, ამის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
მიზნების განხორციელებაში ირა ძირკვაძეს ქვემო ქართლის გუბერნია და ადგილობრივი თვითმმართველობაც ეხმარება. შოთა რეხვიაშვილმა და წალკის მერმა ილია საბაძემ სასწავლო ცენტრს წიგნები საჩუქრად გადასცეს. ირას სჯერა, რომ ერთად თანამშრომლობით მრავალი კეთილი საქმის გაკეთება და საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლაა შესაძლებელი.
“ერთი წლის წინ ჩვენთან სტუმრად იყვნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე. უამრავი წიგნი გვაჩუქეს და ამ ეტაპზე საკმაოდ მდიდარია ჩვენი ბიბლიოთეკა ათასამდე წიგნი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ საჯარო სტრუქტურა და ვართ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ყოველთვის ვცდილობთ თვითმმართველობასთან ვითანამშრომლოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენლები გვსტუმრობენ, ჩვენთვის მოტივაციის მომცემია და მე მჯერა, რომ ერთად თანამშრომლობით შეგვიძლია ჩვენი საზოგადოება შევცვალოთ”, – ამბობს ახალგაზრდა პედაგოგი.
სასწავლო ცენტი არც ეკოპროექტებს აკლდება და მხოლოდ განათლების დონის კი არა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც იბრძვის. ამ ეტაპზე ნიკო კეცხოველის პრემიის მისაღებად ასპარეზობს და ცენტრის თითოეულ თანამშრომელსა თუ მოსწავლეს სჯერა, რომ ლაურეატობას არავის დაუთმობენ.