რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომ ჯანდაცვის სერვისებზე შშმ ქალთა ხელმისაწვდომობის გამოსწორების პროცესი შეუქცევადი იყოს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თემატური მოკვლევა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე” ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მხარდაჭერით და ბრიტანეთის მთავრობის (UK Aid) ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.

შეხვედრაზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რატი იონათამიშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, მაკა მეშველიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თემატური მოკვლევის პროცესი, ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის დღეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

“არსებობს არაერთი პრობლემა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სერვისის მიღებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის. ჩვენთვის ამ საკითხებზე მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უშუალოდ არის დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჯანმრთელობასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა კომპლექსურად, ურთიერთშეთანხმებით გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომ ამ პროცესის გამოსწორება იქნას შეუქცევადი ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, როგორც მან აღნიშნა, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და შშმ ქალებისთვის სერვისები გახდეს ხელმისაწვდომი.

“კომიტეტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებულად გვაწუხებს ეს არის შშმ პირების თემა და შშმ ქალები, რომლებიც ხშირად არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში, რადგან თითქმის არ არსებობს სერვისები, რომელზედაც მათ ხელმისაწვდომობა აქვთ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაძლიერდეს. ეს არი არის ზედამხედველობა ზედამხედველობისთვის. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ წარმოდგენილი ანგარიშის შემდეგ ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და სერვისები გახდეს ხელმისაწვდომი შშმ ქალებისთვის, კონკრეტული სიკეთეები მივიდეს ამ ადამიანებთან. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით შშმ ქალთა უფლებების დაცვის დიდი ქომაგები. ახალი კანონი „შშმ პირთა შესახებ” კიდევ უფრო კომპლექსურად მიუდგება ამ საკითხს და ჩვენ შეგვიძლია გარკვეული მიმართულებები ამ ანგარიშიდან გადავიტანოთ საკანონმდებლო დონეზე,” – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები