ანრი ოხანაშვილი: 2012 წელთან შედარებით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომ 2012 წელთან შედარებით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
მისი თქმით, წლიდან წლამდე მინიმალისტური ცვლილებები რეფორმების განხორციელებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კორუფციის აღქმის ინდექსი, 2019 წლის ჩათვლით, ბევრად უკეთესია და არის გაუმჯობესებული 2012 წლამდე არსებულ ინდექსს შორის. შესაბამისად, შედეგი და მოცემულობა ცალსახაა. ჩვენ რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ლიდერად, პირველ პოზიციაზე ვრჩებით. წლიდან წლამდე მინიმალისტური ცვლილებები ვერ მოახდენს გავლენას იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვატარებთ რეფორმებს, რომლითაც 2012 წელთან შედარებით, კორუფციის აღქმის ინდექსი გაუმჯობესებულია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, “კორუფციის აღქმის ინდექსით” საქართველოს შედეგი ორი პუნქტით გაუარესდა. კვლევას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნო აქვეყნებს. 2019 წლის კვლევაში, სადაც 180 ქვეყანაა შეფასებული, საქართველო 44-ე ადგილზე გადავიდა. თუმცა ის 56 ქულით ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ რჩება.