ირაკლი ბურდული: გიორგი შარვაშიძის დისერტაცია პლაგიატი არ არის

“როდესაც გიორგი შარვაშიძემ დაიცვა დისერტაცია, არ არსებობდა ქვეყანაში ისეთი სტანდარტები, როგორიც დღეს. დღევანდელ სტანდარტებს ვერ ექნება გავლენა 2002 ან 2003 წელზე”, – ამის შესახებ თსუ-ის პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირაკლი ბურდულმა განაცხადა.

მისი თქმით, მეცნიერისთვის და პროფესორისთვის პლაგიატში დადანაშაულება არის ძალიან სერიოზული ბრალდება.

„აქ არის ორი საკითხი, რომლებიც არსებითად ერთმანეთს არ უკავშირდება. ერთი არის პლაგიატის საკითხი და მეორე შეიძლება იყოს ის – დისერტაცია რამდენად კარგია, საშუალოა, ნორმალურია ან ცუდია. მაგრამ შეესაბამება სადისერტაციო ნაშრომისთვის წარდგენილ წინაპირობებს. რაც შეეხება პლაგიატს, გიორგი შარვაშიძე არ არის მეცნიერი. რამდენადაც მე ვიცი, მას არსად არ უკავია პროფესორის თანამდებობა, უბრალოდ, მოპოვებული აქვს კანდიდატის აკადემიური ხარისხი. მეცნიერისთვის და პროფესორისთვის პლაგიატში დადანაშაულება არის ძალიან სერიოზული ბრალდება. როდესაც ამ ადამიანმა დაიცვა დისერტაცია 2002 თუ 2003 წელს, არ არსებობდა ქვეყანაში ისეთი სტანდარტები, როგორიც დღეს არის. 2005-06 წლის შემდეგ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა შეუერთდა ბოლონიის პროცესს, რამაც ძალიან ბევრი დადებითი რამ მოიტანა და გაართულა აკადემიური სტანდარტები. ამ სტანდარტებს, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ვერ ექნება გავლენა 2002 ან 2003 წელზე.

გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია რომ დაიცვა, თავის დისერტაციაში გადაიტანა კანონპროექტის განმარტებითი ბარათი. ეს ბარათი შეეხებოდა იმ საკითხს, რომელიც ახალი იყო მაშინ საქართველოსთვის. მოკლედ, შარვაშიძემ ამ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის საკმაოდ დიდი ნაწილი მიუთითა თავის დისერტაციაში. ჩვენი კანონმდებლობით, განმარტებითი ბარათი არის კანონპროექტის შემადგენელი ნაწილი და მასზე არ ვრცელდება საავტორო უფლება. ადამიანი როდესაც უთითებს კანონპროექტს ან განმარტებით ბარათს, არ შეიძლება ჩვენ ეს მივიჩნიოთ პლაგიატად. ბოლონიის პროცესამდე ჩვენ არ გვქონდა დისერტაციის ხარისხობრივი გრადაცია. მანამდე უბრალოდ იყო, რომ შეიძლება დაცულად ჩაითვალოს ან არ ჩაითვალოს. დისერტაცია აკმაყოფილებდა მაშინდელ დადგენილ სტანდარტებს. ამიტომ დისერტაცია მიიჩნიეს დაცულად და ადამიანს მიენიჭა აკადემიური ხარისხი. ამ ხარისხის უკან ჩამორთმევა არის დაუშვებელი არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში. ეს დისერტაცია არაა პლაგიატი. ცუდია, კარგია თუ ძალიან კარგი, ეს სხვა საკითხია, პირს ხარისხი მიენიჭა და არანაირი მორალური და ეთიკური სტანდარტი არ არსებობს მისი ჩამორთმევის”, – აღნიშნა ირაკლი ბურდულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები