თეა წულუკიანი: ეს რომ ჩვენმა დეპუტატმა, ან ვიცესპიკერმა კუჭავამ ევროდეპუტატს უთხრას, ესენი თავს ჩამოიხრჩობენ
“მე რაც ვნახე, კუჭავასთვის თოკი არავის უჩუქებია,“ – ასე ეხმიანება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტარების განცხადებებს და საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ მათი მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებზე მაკრონის პასუხს იხსენებს.
მინისტრის თქმით, როგორც მაკრონმა მიმართა ევროდეპუტატს, ასე რომ ჩვენს დეპუტატს გაეკეთებინა, უარყოფითი შეფასება და კრიტიკა მოჰყვებოდა.
”თუ არ მეშლება, 2018 წელს ხდებოდა ეს, პრეზიდენტი მაკრონი ევროპარლამენტარების წინაშე ზის, დგება ერთი ევროპარლამენტარი და ეუბნება უმძიმეს რამეს – ბატონო საფრანგეთის პრეზიდენტო, თქვენ ხართ ის პრეზიდენტი, ვინც დაარღვიეთ საფრანგეთის ეროვნული დევიზი – თავისუფლება, თანასწრობა, ძმობა და უხსნის, რომ თქვენ უთვალთვალებთ პოლიციის, უბრალო ეჭვის გამო ხალხს ყრით ციხეში, საშინელებებს ეუბნება და ჩუქნის თოკს. ამაზე უარესი რა შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტმა მოისმინოს. გუშინ მე რაც ვნახე კუჭავასთვის თოკი არავის უჩუქებია. მაკრონმა უპასუხა, ნეტავი შენს ადგილზე ვიყო, ესტრადაზე ყოფნა რა ადვილია. საფრანგეთის პრეზიდენტმა უთხრა ევროდეპუტატს. ეს რომ ჩვენმა დეპუტატმა ან ვიცესპიკერმა კუჭავამ ევროდეპუტატს უთხრას, ესენი თავს ჩამოიხრჩობენ, ეს როგორ გაუბედეთ ევროდეპუტატს. ევროდეპუტატი არის დეპუტატი, როგორც დეპუტატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.