კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებს, მარკეტა გრეგორევას და კრისტიან ტერეშს, აგრეთვე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს ანდრეა ბოცსკორს, ურმას პაეტს, პეტრას აუსტრევიჩიუსს და მიხაილ გალერს შეხვდნენ.
კახაბერ კუჭავა ევროპელ კოლეგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ შედეგებზე, ქვეყანაში გატარებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრა. შეხვედრებისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ საკონსტიტუციო, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის წარმატება აღინიშნა. მან ევროპარლამენტარებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა 21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
ირაკლი ბერაიამ ევროპარლამენტარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე. ირაკლი ბერაიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.
ქართველმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მნიშვნელობა და ევროპელ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.