“ხორავას ქუჩის საქმეზე” საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ჯანაშიასთან, ბარბაქაძის ადვოკატის შუამდგომლობას კი სასამართლო პარასკევს განიხილავს
„მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით საპროცესო შეთანხმება იქნა გაფორმებული, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება”, – ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.
მან განმარტა, რომ მეორე მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით ბრალდების მხარე საკითხების არსებითად განხილვას განაგრძობს.
“საპროცესო შეთანხმება ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე გამოხატულია ორივე მხარის ერთობლივი თანხმობა. გ.ბ.-ს შემთხვევაში ასეთი ტიპის თანხმობაზე საუბარი არ არის. დაცვის მხარემ წარმოადგინა განცხადება, რომელიც დღეს დილით იქნა შეტანილი პროკურატურაში”,- აღნიშნა პროკურორმა.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პროცესი პარასკევისთვის გადაიდო და ბრალდების მხარე დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე ისაუბრებს.