ამერიკული კორპორაცია “კოკა-კოლას” ვიცეპრეზიდენტი: საქართველოს საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის
“კოკა-კოლა” დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და “კოკა-კოლას” ვიცეპრეზიდენტ მაიკლ გოლცმენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
“კოკა-კოლას” ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაური საქართველოში კომპანიის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ღონისძიებაზე ოფიციალურად მიიწვია. აღინიშნა, რომ კომპანიის მიერ საქართველოში წარმოების გაფართოება, ქმნის მეტი დასაქმების შესაძლებლობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
“საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო არის ძირითადი მოტივატორი ქვეყანაში დამატებითი საწარმოო ხაზის შექმნისა და ბიზნესის გაფართოებისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ცირკულარული ეკონომიკის განვითარების კუთხით. „კოკა კოლას” სისტემას უდავოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია მისი ბიზნესი საქართველოში. ვამაყობთ 200-ზე მეტი ადამიანით, რომლებიც ჩვენთან დავასაქმეთ. ვაგრძელებთ საქართველოში კაპიტალდაბანდებებს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ბიზნესის გაფართოებაზე და ინვესტიციების გაზრდაზე, ასევე მდგრადი განვითარებისთვის ახალი ინიციატივების განხორციელებაზე”,- განაცხადა “კოკა-კოლას” ვიცე-პრეზიდენტმა.
“კოკა-კოლას” სათავო ოფისი ატლანტაში მდებარეობს. კომპანიამ ოპერირება დაიწყო 1889 წლიდან და დღეისთვის მომხხმარებელს 500 ბრენდს სთავაზობს 200-ზე მეტ ქვეყანაში.
მისი წლიური შემოსავალი 32 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 62 000-ს აღემატება.