დავით ზალკალიანი ნიდერლანდელ კოლეგას მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა

2020 წლის 22 იანვარს, თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ორმხრივ შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. საუბარი ასევე შეეხო პოლიტიკური დიალოგისა და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თემებს უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთაშორისი კონტაქტების მიმართულებით.

„საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ურთიერთობები, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, რაზეც მეტყველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ისტორიული ორმხრივი ვიზიტი, რომელმაც ახალი ბიძგი მისცა თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთას. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა სწორედ აღნიშნული დინამიკის გაგრძელება გახლავთ და ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას ემსახურება”- განაცხადა კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს და ნიდერლანდების საერთო ხედვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებას უკავშირდება. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ძალიან აფასებს ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მათ მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების მხარეს ბოლო პერიოდში მონიტორების რაოდენობის გაორმაგების გამო.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ნიდერლანდელ კოლეგასთან საუბრისას, ზალკალიანმა ხაზი გავუსვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტმა მიიღოს ახალი, მომავალზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან. „მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი ახალი მიზანი შეიძლება ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაცია გახდეს, რაც ჩვენ უკვე შევთავაზეთ ევროკავშირის მხარეს”- განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად განიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები.

„რუსეთის მხრიდან მიმდინარე პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, მოლაპარაკებებისა და დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის გზით. საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის კონსოლიდაცია, ჩართულობა და მტკიცე პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევებთან გამკლავების, ასევე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისთვის” – განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. ნიდერლანდები მოწინავე პოზიციებს იკავებს საქართველოს წამყვან ინვესტორთა შორის და ნიდერლანდური კომპანიები უკვე წლებია წარმატებით ოპერირებენ ქართულ ბაზარზე.

„განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ არსებული პოტენციალის ათვისებაზე, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტიც გახლავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობების სრულად გამოყენება” – აღნიშნა ზალკალიანმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანმხლებით, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

სტეფ ბლოკმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები