დავით ზალკალიანი: არანაირ სანქციებს არ ველოდებით
არანაირ სანქციებს არ ველოდებით გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო ასევე დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისა და ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით დგამს ნაბიჯებს.
„არანაირ სანქციებს არ ველოდებით გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული. ასევე ვართ თანმიმდევრული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების კუთხით, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეუთო-ს სტანდარტებს შეესაბამება.
„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი ვალდებულება არის და ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა ფორმატში, საქართველო არის ერთგული მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორც შეესაბამება ეუთო-ს სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ყველა საერთაშორისო დამკვირვებელთან, მათ შორის ეუთო/ოდირის ოფისთან და არაერთხელ იყო გაცხადებული ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მხრიდან, მათ შორის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გვაქვს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, მინისტრის თქმით, ძირითადი მიზანი იყო ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი ვითარების გაცნობა და მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.
„რაც შეეხება ევროპარლამენტს, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში დებატები. იცით, რომ დებატების ძირითადი მიზანი გახლდათ ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა, მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ბუნებრვიია, იქ იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად, ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენლებს, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს“ ,- განაცხადა ზალკალიანმა.