თეა წულუკიანი: ვიდეოები, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე წარვადგინე, აბსოლუტურად კანონიერად არის ჩაწერილი
ვიდეოები, რომლებიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე წარვადგინე, აბსოლუტურად კანონიერად არის ჩაწერილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის განცხადება, რომ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს, გასულ წელს სამსახურიდან გათავისუფლდა, რა თქმა უნდა დადებითია, თუმცა, ეთიკის ნორმების დაცვით უნდა გამოირჩეოდეს, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, ასევე სახალხო დამცველის თანამშრომელიც, რომელიც ციხეში შედის.
“მე მოვიტანე ვიდეო და ვიდეოები. ერთი ვიდეო ასახავს, თუ როგორ ახორციელებს ე.წ. მონიტორინგს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, როგორ ამზადებინებს ის პატიმარს მისთვის ყავას ორჯერ, როგორ მიირთმევს პატიმრის შოკოლადს, როგორ ეწევა პატიმრის სიგარეტს და ამას ჰქვია მონიტორინგი. სახალხო დამცველმა ამის პასუხად განაცხადა, რომ ეს თანამშრომელი შარშან გათავისუფლდა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისი ოფიციალური ტანისამოსით, სერიოზული ქმედებებითა და ეთიკის ნორმების დაცვით გამოირჩეოდეს არა მხოლოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, არამედ სახალხო დამცველის თანამშრომელიც, რომელიც ციხეში შემოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანაირ კრიტიკას ეკარგება ფასი. ეს ვიდეოები არის აბსოლუტურად კანონიერად ჩაწერილი, ვინაიდან თითოეულ იმ სივრცეში, სადაც ვიდეოჩანაწერები განხორციელდა, მითითებულია, რომ მიმდინარეობს ვიდეოჩაწერა. ეს არ არის ახალი სახალხო დამცველისთვის და არავისთვის, რომ მათივე ან სხვათა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პატიმართა ზოგიერთი საკანი აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. აქედან გამომდინარე, ვიდეოები ინახება სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ, რაც მე გავაკეთე. მან მითხრა, შენ თავზე არ ისაუბროო, თუმცა მე გამოვეცი ეს ბრძანება. სრულად კი არ გავიზიარე სახალხო დამცველის რეკომენდაცია, არამედ იმაზე მეტად შორს წავედი, ვიდრე სახალხო დამცველს წარმოედგინა. რეალურად, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, მათ შორის ტექნიკური, რომ არაერთ დაწესებულებაში ხანგრძლივად დავაარქივოთ და მოვუაროთ ჩანაწერებს, რომლებიც კანონიერად არის გაკეთებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის მოხსენება მოისმინეს, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე სპეციალურ ანგარიშს ეხება. ანგარიშში ასახულ საკითხებზე კი, კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა. მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე ვიდეო წარადგინა, რომელზეც მისივე თქმით, ჩანს, როგორ იქცევა ომბუდსმენის წარმომადგენელი საკანში მონიტორინგისას და ასევე ვიდეო, რომელზეც პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდია ასახული.