ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. კერძოდ, მამუკა ბახტაძე მონაწილეობას იღებს ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც 100-ზე მეტი ცნობილი ეკონომისტი; სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები; ბანკირები და ინვესტორები ესწრებიან.
ფორუმში მონაწილე ინვესტორები 150 მილიარდი აშშ დოლარის ჯამური მართვის ქვეშ მყოფი აქტივებით არიან წარმოდგენილი. ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე, რომლის სახელწოდებაა – „ფული 2025: კერძო ბანკები, ცენტრალური ბანკები თუ ბლოკჩეინ ციფრული ვალუტები“ მამუკა ბახტაძე ერთ-ერთი წამყვანი გამომსვლელია.
მამუკა ბახტაძესთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებს აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის მე-13 თავმჯდომარე კრისტოფერ ჯანკარლო.
პანელზე გამოსვლისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში. გარდა ამისა, იგი შეეხო მისი პრემიერობის დროს დაწყებული განათლების რეფორმასაც, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ბიუჯეტში განათლების სექტორისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის გათვალისწინებას, რაც დაახლოებით ბიუჯეტის ¼-ია. სწორედ ამ კუთხით საქართველომ დაიწყო ურთიერთობა მსოფლიოში წამყვან კომპანია „IOHK“-თან, რათა ბლოკჩეინ ტექნოლოგია დანერგილიყო განათლების სექტორშიც, მაგალითად, დიპლომების გაცემისას და სხვა მიმართულებებით.
ყოფილმა პრემიერმა, ასევე ისაუბრა ციფრული ვალუტის მომავალზე, მისი რეგულაციის გზებზე, ეროვნული ბანკის როლზე ციფრული ვალუტის რეგულაციებში და ბლოკჩეინ ციფრული ვალუტის უპირატესობებზე მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში.
ცნობისთის, ბლოქჩეინის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას იღებენ ინვესტორები 150 მილიარდი აშშ დოლარის ჯამური მართვის ქვეშ მყოფი აქტივებით.