რამაზ საყვარელიძე: ჩემი ვარაუდით, 2020 წლის არჩევნებში ხმების უმრავლესობას “ქართული ოცნება” მიიღებს

ჩემი ვარაუდით, ხმების უმრავლესობას “ოცნება” მიიღებს, უფრო ნაკლები მანდატი ექნებათ “ნაციონალებს” და იმაზე მეტ პროცენტებს მიიღებს “პატრიოტთა ალიანსი”, ვიდრე წინა არჩევნებზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.

საყვარელიძემ ინტერვიუში საქართველოს გენერალურ პროკურორად, ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებაც შეაფასა.

“ზოგადად, ძველი ფიგურების თანამდებობაზე დაბრუნება არ არის პოლიტიკურად მომგებიანი. 2003 წელს, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, დაჟინებით სთხოვდა ირაკლი მენაღარიშვილის, მინისტრად დაბრუნებულიყო, მან უარი თქვა და იცით, რატომ? არის ეთიკა, როცა გუნდი მიდის, უნდა წახვიდე და როცა თანამდებობას დატოვებ, უკან აღარ უნდა დაბრუნდე. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, გიორგი გახარიას არჩილ თალაკვაძით შესაძლო ჩანაცვლების შესახებ, როგორც წესი არჩევნების წინა პერიოდში ასეთ ნაბიჯს არ დგამენ. ეს ფაქტობრივად, შეცდომის აღიარება იქნება. ახლა რომ გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგეს, ოპოზიცია მაშინვე იტყვის გავიმარჯვეთო და, რა თქმა უნდა, ეს არ დაასხამს წყალს “ქართული ოცნების” წისქვილზე. ან რატომ უნდა გადააყენონ გახარია? ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას? სხვა მასზე უკეთესი იქნება? თუ “ოცნება” უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერ მოვა და მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს რთული სიტუაცია შეიქნება. ხოლო დაპირისპირება რომ მოხდეს, თანაბარი ძალის მოთამაშეები უნდა იყვნენ. ოპოზიცია კი ისეთ იაფფასიან სვლებს აკეთებს, დაწყებული ბოქლომებით და დამთავრებული სუნების მოფრქვევით, რომ ეს, ფაქტობრივად გამორიცხულია. ჩემი ვარაუდით, ხმების უმრავლესობას “ოცნება” მიიღებს, უფრო ნაკლები მანდატი ექნებათ ნაციონალებს და იმაზე მეტ პროცენტებს მიიღებს “პატრიოტთა ალიანსი”, ვიდრე წინა არჩევნებზე. ნათელაშვილის მაღალი რეიტინგისა და პროცენტების არ მჯერა, იმიტომ, რომ არ ჩანს მედიაში. ზოგადად, გაერთიანებულ ოპოზიციას მოგება რომ შეეძლოს, დაბალი რეიტინგი არ ექნებოდა. ეს წამგებიანი პარტიების გაერთიანებაა. 2020 წლის არჩევნებში ხაზარაძის პარტია ვერ შეძლებს, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს “ქართულ ოცნებას” ან “ნაციონალურ მოძრობას”. პოლიტიკაში ახლახან შემოსული ხაზარაძე იმ ტექსტებით საუბრობს, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობა”. ასე წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს ნიშა უკვე დაკავებული აქვს ნაციონალებს და თუ ამ ტექსტებით გააგრძელებს საუბარს, ყველაზე დიდი, რასაც მოახერხებს, “ნაციონალურ მოძრაობას” წაართმევს ელექტორატს, ანუ “ოცნების” საქმეს გააკეთებს”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები