ხათუნა ლაგაზიძე: “NDI”-ის კვლევამ აჩვენა, რომ ჯამურად ოპოზიციის რეიტინგი “ოცნების” რეიტინგზე მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აგებს

ის, რომ ახლა “ოცნებას” აპოკალიფსი უდგას, ამ კვლევამ ვერ დამანახა, რადგან ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ახერხებს ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩევლის საკუთარ ამომრჩევლად გადაქცევას, – ასე შეაფასა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში “NDI”-ის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოში გამოკითხულთა 30 პროცენტი არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64 პროცენტი – უარყოფითად.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ჯამურად ოპოზიციის რეიტინგი “ოცნების” რეიტინგზე მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აგებს.

“რეიტინგების შედეგები როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის სასურველისგან ძალიან შორს არის. ცხადია, საზოგადოება ისევ იმედგაცრუებულია მთელი პოლიტიკური სპექტრით. ამას ადასტურებს ისიც, რომ კვლევის თანახმად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. დიდია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, უარს აცხადებენ პასუხის გაცემაზე ან არ იციან, ვის დაუჭირონ მხარი, თუმცა ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა აქვთ. ეს არის ამომრჩევლის ე.წ. ოქროს რესურსი, რომლის გადმობირებაზეც ოპოზიციამ უნდა იმუშაოს.

ამ ტიპის კვლევებში სხვადასხვა შეკითხვების პასუხები ერთმანეთს ავსებს და შორს მიმავალი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობაც ჩნდება. ამის საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: მაგალითად, 64% უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით, 30% კმაყოფილი. იმავდროულად, როდესაც პარტიების მხარდაჭერაზე მიდგა საქმე, ჯამურად მხოლოდ 40%-მა იცის ხმას ვის მისცემდა.

ამ კითხვების ერთმანეთთან დაკავშირება გვაძლევს იმის ნათელ სურათს, რომ ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერჯერობით არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აძლევს ხმას, ანუ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რიცხვი დიდია და მათ დიდ ნაწილს არ მოსწონს მთავრობის მუშაობა, რადგან 64%-ია ხელისუფლებით უკმაყოფილო, მაგრამ ეს პროცენტი სრულად არ არის გადანაწილებული ოპოზიციურ პარტიებზე. ეს არის ამომრჩევლის ის დიდი პოლიტიკური მასა, რომელზეც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იმუშაოს, თუ უნდა საარჩევნოდ დღევანდელი მონაცემების გაუმჯობესება.

ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ერთი ნაწილი შეიძლება ხელისუფლების “ოქროს რესურსადაც” ჩაითვალოს. ამასთან, ხელისუფლება შეეცდება უკმაყოფილო ამომრჩევლის ნაწილიც შემოაბრუნოს თავისკენ. ხელისუფლების მთავარი გამოწვევა ოპოზიციის ერთიანობაა. ამიტომ ახლა მისი მიზანი იქნება, ნებისმიერი ფორმით, ვთქვათ, თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის შეთავაზებით თუ ზურგს უკან გარიგებებით, ზოგის დაშანტაჟებით, ზოგის მოქრთამვით, ოპოზიციას გაერთიანების საშუალება არ მისცეს. კვლევამ აჩვენა, რომ ჯამურად ოპოზიციის რეიტინგი “ოცნების” რეიტინგზე მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აგებს.

ვინმეს წარმოუდგენია, რომ “პატრიოტთა ალიანსი” “ქართულ ოცნებას” უგანებს და რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შეეკვრება? ის, რომ ახლა “ოცნებას” აპოკალიფსი უდგას, ამ კვლევამ ვერ დამანახა, რადგან ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ახერხებს ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩევლის საკუთარ ამომრჩევლად გადაქცევას”,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები