პროკურატურის განმარტებით, უწყებამ თურქულ მხარეს ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის შესახებ პროკურატურa განმარტებას აკეთებს. როგორც “კვირას” უწყებაში განუმარტეს, 2018 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქულ მხარეს ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
“2018 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე. ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თურქულ მხარეს სრულყოფილად წარედგინა ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია ექსტრადიციის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.
გარდა აღნიშნულისა, საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას თურქულ მხარეს ქართველი კოლეგებისგან ასევე არ გამოუთხოვია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით,”- აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, თურქული მედიის ცნობით, საქართველო უარს აცხადებს მიიღოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, რომლის ექსტრადიციასაც ქვეყანაში თურქეთი გეგმავს. მედიის ცნობით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე კვლავ უარს განაცხადებს, ანკარას მოუწევს მისი გათავისუფლება.
მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, თუმცა, ცოტა ხანში ხელახლა დააკავეს.