2021 წლიდან ევროკავშირში მოგზაურობის მსურველებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ
ევროკავშირი 2021 წლიდან ETIAS (European Travel Information and Authorisatio System) სისტემას დანერგავს, რომელიც უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, გარკვეული საფასურის დაწესებას გულისხმობს.
ახალი სისტემა 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეეხება, მათ შორის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს, უკრაინის, საქართველოს აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის მოქალაქეებს…
სისტემის დანერგვას, ევროპაში უსაფრთხოების ამაღლებით ხსნიან.
როგორ მუშაობს სისტემა?
ETIAS ვებ-გვერდზე საჭიროა ანკეტის შევსება, რომელში პირადი მონაცემი, პასპორტის ნომერი, ევროპის იმ ქვეყნის სახელწოდება ჩაიწერება, რომელსაც ადამიანი ესტუმრება, კონფლიქტების ზონაში ყოფნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია (თუ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა).
განაცხადის დამუშავება 7 ევრო ჯდება, აღნიშნული მოსაკრებლისგან თავისუფალი არიან 18 წლამდე პირები და 70 წელს გადაცილებული ადამიანები.
ანკეტის გადამუშავება ავტომატურ რეჟიმში ხდება, რომლის შედეგად, ტურისტი დასტური/უარყოფის შესახებ ინფორმაციას ღებულობს. ევროკავშირში პირობას დებენ, რომ ადამიანების უმრავლესობა პასუხს რამდენიმე წუთში მიიღებენ.
ნებართვა ტურისტმა საზღვრის გადაკვეთის დროს, მესაზღვრეს უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ, როგორც ამჟამად ხდება, ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილებას, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი ღებულობს.
როგორი სიხშირით არის საჭირო ნებართვის მიღება?
იმ შემთხვევაში თუ ETIAS სისტემაში გაკეთებული განაცხადი დადასტურებული იქნება, ნებართვა სამი წლის განმავლობაში, ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე იქნება ძალაში(იმ შემთხვევაში თუ პასპორტი 3 წელზე ნაკლები ვადით მოქმედებს). შესაბამისად 7 ევროს გადახდა პირს, რომელიც შენგენის ზონაში მოხვედრა სურს, სამ წელიწადში ერთხელ მოუწევს.