გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა

მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა დაადასტურა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ “ნაცმოძრაობის”, არამედ ამ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას წარმოადგენს.

“როგორც მოგეხსენებათ გასული წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებულ იქნა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მასობრივი ძალადობისაკენ მოწოდებას, მასში მონაწილეობას, აგრეთვე ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით. გუშინ, ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერით მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არა მხოლოდ “ნაცმოძრაობის”, არამედ ამ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას, კოორდინირებული მოქმედებებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს. გუშინდელი განცხადებებიდან საგულისხმოა, ასევე მისი შეფასებები ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე. მან ადრეც გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპას არ სჭირდება ზედმეტად განვითარებული საქართველო და დასავლეთი კოლონიალისტურ მიდგომებში დაადანაშაულა. უვიზო მიმოსვლების შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დადასტურებაა. უტიფრობაა ისიც, რომ ტელეკომპანია “იმედის” დამბრბევი, ფოტორეპორტიორების, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ორგანიზატორი არაერთი მედია საშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი, “რუსთავი 2”-ის მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედია გარემოზე და მის თავისუფლებაზე. თანაც იმ ტელევიზიების მეშვეობით საუბრობს, რომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იქნა გაშვებული. მიხეილ სააკაშვილი და მის გარშემო შეკრებილი “ნაცმოძრაობის” ყოფილი და ამჟამინდელი ფრაგმენტები უტიფრად უვლიან გვერდს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თვალსაჩინო, ხელშესახებ, აშკარა წარმატებებს, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დემოკრატიულობის მაჩვენებლებს, მათ შორის მედია თავისუფლების მიმართულებით. არც სტრასბურგის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გახსენება სურთ მიტაცებული “რუსთავი 2”-ის საქმეზე და არც იმ ფაქტისა, რომ მათი სააპელაციო საჩივარი იგივე სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. ქართულ საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები საქართველოში ვითარების დაძაბვისა და რევოლუციური სცენარის განვითარების შესახებ. თუმცა მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ მიზეზს თუ რატომ გაუჩნდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისის მოვლენებთან მისი პირდაპირი, უშუალო კავშირის შესახებ. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად “ქართული ოცნების” სტრატეგია იქნება განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა. ჩვენ, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს საზოგადოება ნათლად ხედავს კონტრასტს “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრობის” ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკას შორის და დარწმუნებულები ვართ, რომ არსებულ ვითარებას სწორად შეაფასებს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები