ირაკლი ზარქუა: “ანას ბაღთან“ დაკავშირებით ოპოზიცია თემის პოლიტიზირებას ცდილობს

“ანას ბაღთან“ დაკავშირებით ოპოზიცია თემის პოლიტიზირებას ცდილობს, -ამის შესახედბ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ძველი ადმინისტრაციის დროსაა გაცემული.

„ამის მიუხედავად, როგორც კი მუნიციპალიტეტში საჩივარი შემოვიდა, ჩვენ პროექტი გავაჩერეთ. მერიაში პროექტის ურბანული და არქიტექტურული შესწავლა მოხდა და აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი სამართლებრივად გამართულია. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ბერკეტი, რომ მშენებლობა შეგვეფერხებინა. ამიტომ, როგორც კი მორატორიუმის ვადა ამოიწურა, მუშაობა გაგრძელდა. ახლა უკვე ამ შენებლობის ბედი დეველოპერის მხრიდან კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მას შეუძლია თავად გააჩეროს პროექტი, ან არის მეორე გზა, მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც ამ ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებს, სასამართლოს მიმართოს,“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, „ანას ბაღთან“ დაკავშირებით, ოპოზიცია თემის პოლიტიზირებას ცდილობს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებთან შეხვედრები გამართა.

„ამ შეხვედრების დროს, ჩვენ მათ ავუხსენით, რომ პროექტი სამართლებრივად გამართულია და მუნიციპალიტეტს არ აქვს ბერკეტი, რომ მშენებლობა გააჩეროს. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ვიცავთ კანონებს, როგორც ბიზნესის ნაწილში, ასევე საჯარო ინტერესებს. თუ მოსახლეობისთვის მიუღებელია ეს მშენებლობა, ერთადერთი გზა არის სასამართლო. თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ პროექტი უნდა შეჩერდეს, მუნიციპალიტეტი ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება,“- დასძინა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები