გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებას ე.წ. შავი სიებისა და ოპოზიციის მოწოდებების არ სჯერა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით ე.წ. შავ სიებზე მომუშავე ოპოზიციის წარმომადგენლები უმჯობესია, წინასაარჩევნო პერიოდში ხალხში გავიდნენ. მისი თქმით, საზოგადოებას ე.წ. შავი სიების არ სჯერა.
“ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მიმართავდა ყოველთვის და დღესაც აგრძელებს, სამწუხაროდ, დესტრუქციულ ქმედებებს, ახლა გადასულია რაღაც შავი სიების შედგენაზე, რაღაც შავ-ბნელ საქმეებზე და ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ თითქმის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში საზოგადოებაში გავიდეს და საზოგადოებას გნებავთ ჩვენს, როგორც პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, გნებავთ მათ სასარგებლოდ რაღაცა ფაქტები, ან სამომავლო დაპირებები მისცენ, როგორც უნდა იქცეოდეს პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინა პერიოდში. აქედან გამომდინარე, არ სჯერა საზოგადოებას არც შავი სიების, არც მათი მოწოდებების. სამწუხაროდ, ვერც შავი სიები და ვერც სხვა სიები ვერ უშველის იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვს“ ,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრები ე.წ. შავ სიაზე მუშაობენ. მათი თქმით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.