საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ვახტანგ აბაშიძეს 2020 წლის 16 აპრილს ეწურება უფლებამოსილების ვადა. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობა ღია კონკურსის ჩატარების შესახებ განკარგულებას იღებს.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის #1 განკარგულების თანახმად, 2020 წლის 8 იანვრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით, ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კანდიდატურა ღია კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა – მმართველ თანამდებობაზე;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:

ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) არანაკლებ 10 წლის (აქედან 3 წელი მმართველ თანამდებობაზე) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2020 წლის 6 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. #7, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები გამოქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს არანაკლებ სამ კანდიდატურას. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატურებს არჩევის მიზნით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები