მოძრაობა “შეცვალეს” წევრები შს სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალე” საპროტესტო აქციას მართავს. აქციაზე შეკრებილები თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული სპეცრაზმელის საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები მუხლის გადაკვალიფიცირებასა და საქმეზე მეორე პირის დაკავებასაც მოითხოვენ.
“შეცვალეს” წევრებს ადგილზე სხვადასხვა წარწერებიანი ბანერები აქვთ მიტანილი. მათ შორის, – “შეცვალე მკვლელი სისტემა”, “შემდეგი შეიძლება მე ვიყო”, “სისტემა თვალს თხრის და კლავს”, “სისტემას კრიმინალები მართავენ.”
“შეცვალეს” წევრებმა ადგილზე სიმბოლურად სისხლიანი ანაბეჭდები დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზ. ფ. 24 წლის მ. წ. სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინციდენტისას ადგილზე იმყოფებოდა მ. წ.-ს ძმაც, რომელმაც დაპირისპირებისას დაზიანებები მიიღო.