გიორგი გახარია: პატრიარქმა ეპისტოლეში პირდაპირ გვითხრა, რომ მიმტევებლობა არის მნიშვნელოვანი და არა კონფლიქტი

პატრიარქმა ეპისტოლეში პირდაპირ გვითხრა, რომ მიმტევებლობა არის მნიშვნელოვანი და არა კონფლიქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მოვლა, პოლიტიკური პოზიციისგან განურჩევლად, ყველას ვალდებულებაა.

„შობა იმედების, სიკეთის დღესასწაულია, განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების. ამ იმედებით ვხვდებით ჩვენ ამ დღესასწაულს და მინდა, თითოეულ ქართველს ვუსურვო ამ იმედების აღსრულება. უწმინდესის ეპისტოლეში სრულად იყო კონცენტრირებული აი ეს სიბრძნე. მან პირდაპირ გვითხრა, რომ თავმდაბლობა არის მნიშვნელოვანი და არა ამპარტავნობა. მან პირდაპირ გვითხრა, რომ მიმტევებლობა არის მნიშვნელოვანი და არა კონფლიქტი. საბოლოო ჯამში, მან მიგვითითა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი ყველასია და ჩვენი ყველას ვალდებულებაა, განურჩევლად, ვის რა პოლიტიკური პოზიცია გვაქვს, ერთად მოვუაროთ ამ ქვეყანას, ეს არის დღევანდელი დღის არსი ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს აქ იყო. ეს არის ძირითადი არსი, რაც უწმინდესის ეპისტოლეში იყო.

ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მას, ქართულ სამღვდელოებას, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე, სიკეთის და იმედის დღე. თითოეულ ჩვენგანს ვუსურვო ყველა ის იმედები, რომლითაც დღეს ჩვენ აღვივსეთ პატრიარქის ეპისტოლის შემდგომ, აგსრულებოდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები