ოზურგეთში 80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა მსხვერპლის გაუპატიურება აღიარა
ოზურგეთის სოფელ მელექედურში 80 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა მსხვერპლის გაუპატიურება აღიარა. 20 წლის ზ.დ-ს ბრალი გუშინ წარედგინა. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.
ოზურგეთის რაიონის პროკურატურის პროკურორის შოთა ჩხაიძის განცხადებით, გაუპატიურების თაობაზე ექსპერტიზაა დანიშნული, დადასტურების შემთხვევაში კი ბრალდებულს ახალი ბრალდება წარედგინება.
“ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. მას ბრალდება წარდგენილი აქვს 109-ე მუხლის 1 ნაწილის “ქ” ქვე პუნქტით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 2 ეპიზოდი ქურდობის ჩადენის ფაქტზე. გაუპატიურების თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზები, მოპოვებულია შესაბამისი მტკიცებულებები. თუ დადასტურდება, ამის შემდეგ მას წარედგინება ახალი ბრალდება,” – განმარტა შოთა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, 80 წლის ი.ხ. 2 იანვარს მეზობლებმა გაგუდული იპოვეს, სახლიდან გარდაცვლილის დის შვილის კუთვნილი ავტომობილი იყო წაყვანილი.