დეკანოზ მამალაძის ძმა: ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა შეწყალებაზე
ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე, – ამის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება დამოუკიდებელი არაა.
“ეს არის პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა შეწყალების აქტზე. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება შუამდგომლობის შესახებ იყო ფარსი კათოლიკოს-პატრიარქისგან. ილია მეორე არის მტერი სიმართლის და ეკლესიის, თუ აქამდე ჩუმად ვიყავი, სიჩუმეს აღარ ვაპირებ, რადგან კათოლიკოს-პატრიარქი ჩემს ოჯახს დაუპირისპირდა,” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.