ნიკა გვარამია: გიორგი არევაძე ციხეში მოხვდება

2020 წელი ივანიშვილის ბოლო წელია და ჩემი ციხეში ჩასმა რომც მოასწროს, მალე გამოვალ და ის ძალიან დიდი ხნით, უკუნითი უკუნისამდე იჯდება იქ, სადაც უნდა იჯდეს”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

გვარამიას თქმით, სასამართლო მის საქმეებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

“აქ რომ მოვდიოდი, არ ვიცოდი გიორგი არევაძესთან რომ მექნებოდა საქმე. გიორგი არევაძე ციხეში მოხვდება აუცილებლად, გარანტიას ვაძლევ. ყველა ასეთი ნაძირალა შემსრულებელი, როგორიც არის გიორგი არევაძე, როგორიც არის ეს პროკურორი, რომლის სახელი და გვარი არც ვიცი და არც აქვს, ციხეში მოხვდებიან, საკუთარ კარიერას იქ დაასრულებენ. ვუსურვებ, რომ სიცოცხლე იქ არ დაასრულონ და საკუთარი შვილიშვილები გაზარდონ. რამდენ თვეშიც და როგორც არ უნდა დაასრულოს გიორგი არევაძემ ეს საქმე, 2020 წელი ივანიშვილის ბოლო წელია და ჩემი ციხეში ჩასმა რომც მოასწროს, მალე გამოვალ და ის ძალიან დიდი ხნით, უკუნითი უკუნისამდე იჯდება იქ, სადაც უნდა იჯდეს”, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის მიერ დღეს წარმოთქმული შესავალი სიტყვა სისულელეა.

“პროკურატურისგან სისულელე არ მიკვირს, პროკურატურა დამნაშავე ორგანოა, მაგრამ მოსამართლე რასაც შვება პირველივე სხდომაზე, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფს ცარიელ დარბაზში არ უშვებს მიუხედავად იმისა, რომ ამის არავითარი წინა პირობა არ არის, ადამიანი გთხოვს, მხოლოდ ორშაბათობით არ ჩანიშნოს სხდომა და ყველა ორშაბათს ნიშნავ ერთი თვე, ასეთ მოსამართლესთან საუბარს აზრი არ აქვს, გინდ გამაძევოს, გინდ არა. უკაცრავად და უცოდინარი, იდიოტი პროკურორების აზრი გაითვალისწინეს ბრმად მოსამართლეებმა, იმიტომ რომ თვითონაც უცოდინარი იდიოტები არიან გიორგი არევაძის ჩათვლით. ყველა ასეთი ადამიანი პირობას ვდებ, ვერასდროს იმუშავებს საკუთარი პროფესიით, სახელებით და გვარებით დავიმახსოვრებ ყველას, ვინც ასე უსწორდება ადამიანებს და ყველა მოხვდება ციხეში. მას ვუთხარი, რომ შეუძლია სხდომები ყოველდღე ნიშნოს, არის დღეები როცა ვერ მოვალ და შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იაროს პროკურორთან ერთად. ბოლოს ხელიხელჩაკიდებული სადამდე მივლენ ის და პროკურორი, მაგას განახებთ. მე დაგხვდებით შესვლის წინ იქ, სადაც თვალებში ჩაგხედავთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 6 იანვარს, 17:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, ნიკა გვარამიამ და ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინეს.

ხმაური სასამართლო სხდომების თარიღის განსაზღვრას მოჰყვა. დაცვის მხარისთვის მოსამართლის მიერ გაწერილი სამუშაო განრიგი მიუღებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათივე თქმით, იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მოსამართლემ სხდომები ჩანიშნა, ისინი სასამართლოში გამოცხადებას ვერ შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები