თებერვლიდან სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება
თებერვლიდან საგაზაფხულო სამუშაოების პროექტი აგროვადების დაცვით აღმოსავლეთ საქართველოდან დაიწყება. ამის შესახებ „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. ფერმერებისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათების დაბეჭდვა შპს „კაბადონში“ უკვე მიმდინარეობს. ამ დროისთვის კახეთის და ქვემო ქართლის ბენეფიციარებისთვის 187.647 ბარათი უკვე დაბეჭდილია. სასოფლო – სამეურნეო ბარათების დარიგება 3 თებერვლიდან მარნეულის, გარდაბნის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყება. სასოფლო-სამეურნეო ბეჭდვის პროცესს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე დაესწრო. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“, წელს 800 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ბარათი პროექტში ჩართულმა ყველა ფერმერმა დროულად მიიღოს. ორშაბათიდან ბარათებს ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონის მოსახლეობა მიიღებს. რაც შეეხება ხვნას, მიწის სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მიზანი მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობაა. სახელმწიფო პროექტის ბენეფიციარებს ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოებში – ხვნის პროცესში ეხმარება. პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.