პრემიერმა 2019 წელი შეაჯამა – დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება
დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20%-ით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და საერთოდ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება.
„ეს წელი იყო უაღრესად დინამიkური და საკმაოდ დატვირთული, როგორც გამოწვევებით ასევე მიღწევებით. მოგეხსენებათ, რომ, სამწუხაროდ, დღემდე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია. დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20%-ით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და საერთოდ ჩვენი ქვეყნის პოტენციალის, შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა თუმცა, თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს სამწუხაროდ ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის, ჩვენი მოქალაქეების პასუხი ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის 70%-ზე მეტი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არის ის მიმართულება, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და, რომელსაც რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმიმდევრულად გააგრძელებს. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.