დავით ზალკალიანი: ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ოჯახშია, დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენა.
ზალკალიანის თქმით, დღეს მისთვის მთავარია ის, რომ ექიმი თავის ოჯახს დაუბრუნდა.
„ყველამ იცის, ბატონი ვაჟას ოჯახმა, საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ, რომ პირველი დღიდანვე ხელისუფლება იყო ჩართული ამ პროცესში, პირველი დღიდან მაქსიმალურად ყველა მექანიზმი იყო ამოქმედებული, არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, მაღალი დონის ტრიბუნა, უშიშროების საბჭო, ეუთო-ს მინისტერიალი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, პრემიერ-მინისტრი თავისი აპარატით, ბატონი ზურაბ აბაშიძე, ყველა ერთად ვიყავით ამ პროცესში ჩართული. ჩემთვის მთავარია, რომ დღეს ბატონი ვაჟა არის საკუთარ ოჯახში, დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს, ხალხმა განსაჯოს და ეს ყველაფერი არის სირცხვილი და იაფფასიანი სპეკულაცია“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გუშინ გათავისუფლდა.