კარდინალი პიეტრო პაროლინი: რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ ქართველი ხალხის კეთილგანწყობა იგრძნო

რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ ქართველი ხალხის კეთილგანწყობა იგრძნო, მოიხიბლო მისი ღირებულებებით, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით, – ამის შესახებ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა მის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ იგრძნო ქართველი ხალხის კეთილგანწყობა, მოიხიბლო მისი ღირებულებებით, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. მსურს, გადმოგცეთ პაპი ფრანცისკეს სალამი, რომელმაც საქართველოში ვიზიტისას განაცხადა – „თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში“, – აღნიშნა პაროლინმა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, წმინდა საყდარი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებიდან, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და თბილისში დიპლომატიური მისია გახსნა.

“როგორც მაშინ, დღესაც, წმინდა საყდარი, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებზეც, სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს, საქართველო, რომელსაც ახსოვს თავისი წარსული და ყურადღებით აკვირდება დროთა ნიშნებს, იმედის თვალით უმზერს მომავალს და ესწრაფვის მშვიდობას, როგორც თავისთვის, ისე მთლიანად, რეგიონისთვის, სადაც, სამწუხაროდ, დღესაც შეინიშნება დაძაბულობა და აგრესია. იმედი მაქვს, რომ ყველა მტკიცედ მოიძიებს დიალოგისა და თანხმობის გზებს, ყველას და თითოეულის ღირსების პატივისცემისა და სამართლიანობის ძიების დაუოკებელი სურვილით“, – განაცხადა კარდინალმა პაროლინმა.

წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები უკვე გამართა. ვიზიტის ფარგლებში, კარდინალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ერთად, საოკუპაციო ხაზს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები