გიორგი ტყემალაძე: 2019 წელი თბილისისთვის ძალიან წარმატებული იყო, განხორციელდა უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტები

თბილისის საკრებულოში წლის ბოლო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლიური ანგარიშით გამოდის. სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ 2019 წელი შეაფასა და იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდა.

„ვფიქრობ, რომ 2019 წელი თბილისისთვის ძალიან წარმატებული იყო. განხორციელდა უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ურბანული თუ ეკოლოგიური პოლიტიკის განვითარების და გაუმჯობესების მიმართულებით. დღეს, ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ მერის ანგარიში, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს თბილისის მუნიციპალიტეტის მუშაობას,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის თბილისის ბიუჯეტს განიხილავენ, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„გაზრდილი ბიუჯეტი შესაბამისად ნიშნავს, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს, რომ 2020 წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად შევძლოთ მეტი, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება,“- დასძინა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები