ლია გიგაური: ჟენევის ფორმატი მაღალ პოლიტიკურ დონეზე ერთადერთი ფორმატი გახლავთ, სადაც რუსეთთან საუბარი მიმდინარეობს

ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი მაღალ პოლიტიკურ დონეზე ერთადერთია, სადაც რუსეთთან საუბარი მიმდინარეობს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფორმატს თავისი დატვირთვა აქვს და სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

“მოგეხსენებათ, რომ ჟენევის ფორმატში სახელმწიფო მინისტრის აპარატიც ჩართულია და ეს გახლავთ ერთადერთი ფორმატი მაღალ პოლიტიკურ დონეზე, სადაც ხდება რუსეთთან საუბარი. ამ ფორმატს თავისი დატვირთვა აქვს. ჩვენი მოსაზრებაა, რომ მუშაობა ამ ფორმატის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ვიფიქროთ უფრო მეტ ეფექტიანობაზე. შესაძლებელია, დაიწყოს მსჯელობა დამატებითი ეფექტური გზების გამონახვის მიმართულებით, მაგრამ ჟენევის ფორმატს ცალსახად აქვს თავისი დატვირთვა. თუნდაც ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით არ წყდება ამ ფორმატის ფარგლებში განხილვა, ბოლო შეხვედრაც ამ საკითხს მიეძღვნა და გაკეთდა განცხადებები უკვე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბერკეტის გამოყენება, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები ეფექტიანად იყოს გადაჭრილი და არ შეიძლება, ითქვას უარი ამ ეტაპზე. ნორმანდიული ფორმატი არის ის ფორმატი, რაზეც შეიძლება, დაიწყოს დამატებითი განხილვა და მსჯელობა, მაგრამ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია, ცალსახად და ერთ მნიშვნელოვნად რაიმე გადაწყვეტილებებზე ვილაპარაკოთ“ ,- განაცხადა ლია გიგაურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ​ჟენევის ფორმატსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები არაფრის მომცემია, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: “დასავლელ პარტნიორებს უნდა ვეუბნებოდეთ, რომ გვჭირდება ნორმანდიული ფორმატის მსგავსი ფორმატები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები