რა უჯდება ქვეყანას პერმანენტული აქციები

2019 წელი საქართველოსთვის აქციების რაოდენობით დატვირთული წელი აღმოჩნდა, რაც შეუმჩნეველი არ რჩება უცხოურ მედიას. საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციებით დაინტერესდა დოიჩე ველე“, BBC“როიტერი” “ალჯაზირა” და ახლა უკვე „ევრონიუსიც“ , რომელმაც ორი დღის წინ საქართველოში სამოქალაქო პროტესტს  ვრცელი სტატია მოიძღვნა სათაურით  „რატომ სურს ათასობით დემონსტრანტს საქართველოში ვადამდელი არჩევნები?“.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დემონსტრანტები თბილისში ორი კვირაა პარლამენტის შენობის ბლოკირებას ცდილობენ. აქვე განმარტებულია, რომ აქტივისტებს სურთ, 2024 წლისთვის დაგეგმილი საარჩევნო სისტემის ცვლილება ძალაში ოთხი წლით ადრე შევიდეს, რაც ქვეყანას მაჟორიტარული წარმომადგენლობიდან პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადაიყვანს. აქვე აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“,  რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის ცვლილების წინააღმდეგია.

პუბლიკაციაში მოყვანილია გერმანიის ქალაქ გისენის უნივერსიტეტის ანალიტიკოსის მოსაზრება, რომელიც აქციების გაგრძელებას ვარაუდობს განსაკუთრებითვ მაშინ, თუ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალა იქნება გამოყენებული, რადგან, მისივე აზრით, „ოპოზიციას ძალიან ცოტა აქვს დასაკარგი“ და იბრძოლებს ბოლომდე.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ  თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში, პოლიტიკა დაყოფილია ორ ნაწილად, ერთი მხარე ევროპასთან დაახლოების მოსურნეა, მეორე კი – რუსეთის.

ეკონომისტები და ფინანსისტები დარწმუნებული არიან, რომ გაუთავებელი აქციები ქვეყანას ძვირად დაუჯდება. ეკონომისტი და საერთაშორისო ბიზნესსამართლის ექსპერტი გენადი ლიპარტია ამბობს, რომ ქვეყანა, სადაც მუდმივად აქციებია საერთაშორისო ინვესტორების თვალში არასტაბილური, ნაკლებად საინტერესო და ნაკლებად სანდოა საინვესტიციოდ. სპეციალისტი პასუხისმგებლობას თანაბრად აკისრებს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც.

“ვხედავთ როგორ გამომწვევად და უტიფრად იქცევა ოპოზიცია. კონსტრუქციული სახე აქვთ ფაქტობრივად დაკარგული, მაგრამ ის, რომ მათ შეძლეს მოქალაქეების “აყოლიება”, ცალსახად იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერ ემსახურება ხალხს. ხელისუფლებას აშკარად უჭირს დანაპირების შესრულება, ხალხის დაკვეთის შესრულება. ეს ცალსახად მის სისუსტეზე მიანიშნებს. პირველ რიგში, სწორედ ისაა პასუხისმგებელი ქვეყნის შიდა და გარე პროცესებზე. ერთი მხრივ, საუბრობენ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, მეორე მხრივ, ამდენი განაწყენებული და უკმაყოფილო ხალხი ჰყავთ შიგნით. ვერ იჭერენ ლარს, რაც, ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორისთვის, ბიზნესის კუთხით, სულაც არაა ცუდი. უცხოელ ინვესტორს გაუფასურებული ლარი აწყობს. ბევრად ნაკლები უჯდება ამ პირობებში აქ მომსახურების თუ მუშა-ხელის, თუ პროდუქტის ყიდვა, თუმცა, პარალელურად, კურსის ასე თამაში მას არასტაბილურობის განცდას უქმნის და თავს იკავებს ინვესტირებაზე. ნახეთ, რას წერენ სერიოზული გამოცემები, ამით ტურისტულ იმიჯსაც ვილახავთ, საინვესტიციო მიმზიდველობასაც ვკარგავთ. ფულს არ იშურებენ, ჩვენმა საიმიჯო რგოლებმა რომ იტრიალოს ცნობილ მედიაგიგანტების ფურცლებსა თუ ეთერში. ერთი ამგვარი სიუჟეტითა და სტატიით წყალში ვყრით ჩვენი ქვეყნის დასარეკლამებლად გადახდილ მილიონებს. სტაბილურობა სჭირდება ბიზნესსაც და ტურიზმსაც. თუ ქვეყანაში გაუთავებელი აქციები არ დასრულდა, ეკონომიკა ვერ განვითარდება,” – განუცხადა report.ge-ს გენადი ლიპარტიამ.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები